Saturday, May 22, 2010

დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...
მაღლა არამიშვეს...
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.
ქარი ქრის,
მაგრამ შენ არ გცივა,
არ წვიმს და მე მაინც ვსველდები...
უბრალო ქურთუკი მაცვია,
უბრალო ჯინსი დაკეტები.
ეჰ...
აღმოხდომიათ
ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები...
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას
არ უყვარს გერები
ისევ ჩემებურად მოვედე...
ჰო...
ყველას თავისი ომი აქვს...
ვკითხულობ
საყვარელ პოეტებს,
წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.
დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...
დავბერდი..,
თუ...
უფრო დავძველდი...

ათასჯერ დავიწყე ნულიდან,

ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.
და მაინც...
სანამ ჯერ თბილი ვარ,
სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო,
მინდა ეს უშენო დღეები
სულ შენს სიყვარულში დავხარჯო...

No comments:

Post a Comment