Friday, September 24, 2010

და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში...


ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

დამალვა- პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები, რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები- განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა- მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი... დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები- შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი- ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას- საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავიბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალები, რატომღაც ეძებენ სამალავს.
სუნთქვა- ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა...