Saturday, May 7, 2011


ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,
ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი!

,,ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი...
მერე, ისევ გიპოვი და
გეტყვი,
როგორ შემიყვარდი...
ვიცი,
ისევ მოვა ფიქრი...
წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს...
სუსხი დამიბერავს. ვიცი...
ისევ,
გამეტებით მოთოვს...
ვიცი,
ისევ მოვალ, დაღლილს...
ამოგიშრობ ცრემლებს კოცნით...
თოვლს,
სახეში შემოგაყრი...
შენ იქნები, ისევ მორცხვი...
ვიცი,
ისევ დამდევს ლანდი...
შენი მონატრების ფერი...
მახსოვს,
როგორ შემიყვარდა,
შენთან ერთად ყველაფერი...
ვიცი,
უშენობას ახლა...
ისევ, მონატრება ჰქვია...
მოგონება გამიახლა...
თავს, რითმები მომახვია...
ვიცი,
ისევ მოხვალ, მალე...
და სიყვარულს, ისევ მომთხოვ...
ერთად,
გავიღვიძებთ ხვალე...
და უჩვენოდ აღარ მოთოვს...
და მაჩუქებ, ისევ ღიმილს...
დღეს, რომ ასე მიმატოვა...
დამავიწყებ,
ვიცი, ტკივილს...
სიყვარული მოვა, თოვად...
ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად...
მე ხომ,
შენი შეხება და
მხოლოდ შენი კოცნა მსურდა...
ფიფქებს მაყრის დილა, უხვად...
მინდა,
მოგეფერო ფრთხილად...
შენ ხარ,
თეთრი თოვლის სუნთქვა...
ჩემი თოვლისფერი დილა... "

Friday, September 24, 2010

და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში...


ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

დამალვა- პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები, რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები- განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა- მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი... დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები- შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი- ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას- საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავიბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალები, რატომღაც ეძებენ სამალავს.
სუნთქვა- ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა...

Sunday, July 11, 2010

ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....


ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....

მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....


ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა,
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება,
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

**შენ მოხვალ**


ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
ირხევა ჩემი საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,
და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმება კაბა - ქათიბა!

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე
და შემოდგომა მოვა უშენოდ.

მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემს გზასთან - ქვიანთან,
რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,
რომ სადღაც, გზაში დაგაგვიანდა...

მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს,
კვლავ იწკრიალებს საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!