Sunday, July 11, 2010

ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....


ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....

მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....


ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა,
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება,
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

**შენ მოხვალ**


ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
ირხევა ჩემი საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,
და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმება კაბა - ქათიბა!

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე
და შემოდგომა მოვა უშენოდ.

მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემს გზასთან - ქვიანთან,
რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,
რომ სადღაც, გზაში დაგაგვიანდა...

მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს,
კვლავ იწკრიალებს საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!

Saturday, July 3, 2010


არ მინდა დღეს შენზე კვლავ ვწერო ლექსები,
ცხოვრება ბეჭებზე ტვირთად ავიკიოდო.
და თუ ოცნებებში კვლავ გამელექსები,
უნდა დავიკიდო...

ვენებზე ვერასდროს შემამჩნევ იარას,
სიკვდილის სურვილიც არ ისე დიდია,
შენმა სიყვარულმა უკვე ჩაიარა
და ახლა მკიდია...

წარსულის ფიქრები აწმყოზე გავცვალე
და შენზე ოცნება მტრად გადავიკიდე,
ხვალ სხვაზე ვიფიქრებ, ცხოვრება მაცალე,
მე ხომ დავიკიდე...

მაგრამ კვლავ დამღლიან წუთები, წამები...
გრძნობები გულიდან აღარსად მიდიან
და შენი თვალები ცრემლით ნაწამები,
სულაც არ მ კ ი დ ი ა!!!